ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი ჯართის პუნქტშია თავმოყრილი.
ნელ-ნელა ჭრიან,
დაბადების დღის ტორტივით...
მე მახსოვს მკაცრი კონდუქტორი,
ქალი ვატმანი (არც თუ მკაცრი).
მახსოვს დედა - აჩქარებული,
მე - ხელში ბედნიერი ბილეთით
და ბედნიერი თვალებით,
რატომღაც.
ჩემი ბავშვობა ჯართის პუნქტშია თავმოყრილი.
ნელ-ნელა ვჭრი
(სულაც არა დაბადების დღის ტორტივით,
რადგან არ მიყვარდა დაბადების დღეები არასდროს),
ლუკმებად ვანაწილებ და
მშვიდად ვაგემოვნებ.
გუშინ, როცა ლისაბონის ფოტო მაჩვენე -
აღმართზე კოპწია ტრამვაით თავმოწონებული,
ჩემი ბედნიერი ბილეთი გამახსენდა -
თავში და ბოლოში ერთნაირი ციფრებით.
ჩამოვიდოდი ლისაბონში
(როგორც ჩემს ბავშვობაში),
ერთხელ მაინც...
2007 წ.