შინდებს ბორდო სდით

შინდებს ბორდო სდით...
ჩემი მაჯიდან მოსვი ბადაგი,
იმღვრიე თვალი.
აიღე კოვზი,
ნატეხ შაქარს,
ჩაფშვნილს შენს სულში
ამოურიე...
აიღე დანა,
საკუთარ მაჯას გადაატარე
და ამამღვრიე
ტუჩმოლოკილი...
ნაბიჯარეულს გაგიძღვები
ჩემი ეზოს შინდის ჩეროში...
შინდებს ბორდო სდით,
მხრებზე დაფენილ არტერიებით
თავს იწონებენ.
შინდებს ბორდო სდით,
დაჩითულ კაბებს აფრიალებენ
გამხდარ კანჭებზე.
შინდებს ბორდო სდით,
მხარზე შემოდგმულ კოკას ავსებენ
მოლზე გაშლილი შენი სუფრისთვის...
წამოუწექი,
თვალი მილულე
შემოპარული სხივის ციალზე.
გაუყევი გზას,
აღმართიდან დაღმართებისკენ,
გადამიშალე ზღაპრის წიგნი,
წამოღებული
და საყვარელი ადგილები ამომიკითხე...

ჩამობუნდოვნდა,
ჩეროს რიგში ვერცხლი იბნევა,
არტერიები აუკეცავთ კეფაზე შინდებს...
სალბუნი მადევს:
ჩემი მაჯა პირშეკრულია,
ჩემი თვალი დაწმენდილია,
ჩემი ბიჯი - დამშვიდებული...
მივყვები ბინდებს ხელისცეცებით
და ჩანასახის პოზაში მყოფი
ვისიზმრებ სიზმრებს...

ეზოს წიაღში,
ვერცხლის წვიმის ქვეშ
შინდებს ბორდო სდით...

2007 წ.