(ხანდახან ჩვენ მას ვხედავთ ტელევიზორში...)

ხანდახან ჩვენ მას ვხედავთ ტელევიზორში.
ვამბობთ: ეს ხომ...
ვამჩნევთ დაღარულ სახეს და არ ვამჩნევთ თვალებს,
ვამჩნევთ ჭაღარა თმას და არ ვამჩნევთ თვალებს,
ვამჩნევთ გატეხილ ხმას და არ ვამჩნევთ თვალებს.

ხანდახან ჩვენ მას ვხვდებით ქუჩაში -
გარინდებულს,
მძიმე სუნთქვით,
მძიმე ნაბიჯით...
ვამჩნევთ გაცრეცილ ლაბადას და არ ვამჩნევთ თვალებს,
ვამჩნევთ გაცვეთილ ფეხსაცმელს და არ ვამჩნევთ თვალებს,
ვამჩნევთ მოხრილ ზურგს და არ ვამჩნევთ თვალებს.

ერთხელაც, ჩვენ მივდივართ სტუმრად.
ვამჩნევთ თვალებს, უხილავი ხელით დახუჭულს
და ვფიქრობთ,
ბოლოს რომ შეგვხვდა, სევდიანად უცქერდა სივრცეს...

2007 წ.