ნუ მიეყრდნობით

შენს მუხლებს პარაშუტები აბია.
ეშვები მიწაზე,
სტარტზე დამდგარ მძლეოსანს ემსგავსები.
კარის დაკეტვა – პისტოლის ბათქი.
წუთნახევარი – საკმარისი – ხმის გასარბენად.
ხმამ ჩაატარა დედაშენი, რომელიც კვდება.
ჩვენ ახლა ვიცით, ბიჭის საშველი
ჯიბეში გვიდევს
და განკითხვის დღეს მზერას ვუხრით.

გუშინ სამკაცა გუნდი მღეროდა გუმბათებისთვის,
რომლებიდანაც თავს დაგვგუგუნებს
მადლის ორკესტრი.
ჩვენ სინქრონულად ვისახავთ ჯვრებს და
წამით თავს ვქინდრავთ.
გუნდის წინაშეც ჩავკიდეთ თავი
და მჭლე მკლავები
კუტ ვარსკვლავების ამოსაკრეფად
ჭებში ჩავყარეთ.
ჩვენი კარები ოდნავ შეიღო
(ან მოგვეჩვენა, რომ დავინახეთ კარსმიღმა მდელო);
ხმამ კი ჩაგვძახა:
– ნუ მიეყრდნობით ფუჭ ოცნებებს!
მათი გზები ბნელ გვირაბებს მიუყვებიან.

.....
ჩვენ ზუსტად ვიცით, სად წერია "ამოსასვლელი".
მათ გზა მიეცათ – სახლიდან სახლში.

ღია

...კიდევ, მინდოდა, დამეწერა, თუ როგორ – გაღმა.
აქამდე მხოლოდ ნავი აღწევს და ისიც შენი.
გახვედრებ ზურგზე ამოტვიფრულ სიცივის დამღას;
შენ, წამოღებულ მალამოთი, ღამიდან მდენი
და მე – მდინარი უხმაუროდ ყურე(ე)ბს შუა –
გზაზე, რომელიც დამაბრუნებს ისევე ღამეს,
რომ შენი ნავი კვლავ მოადგეს მოტეხილ ყუას,
შენმა მალამომ მაჯისცემა კვლავ დამიამოს.
აი, ამისთვის მოვირკალე ზურგი და თვალებს
წყალში ვალაგებ – მოვაცილო თუ კი რამ მღვრიე
შემორჩათ გზიდან, რომ ვფარავდი მე ასე მალი –
შემოსწრებული მგზავრისათვის სახლი კარღია...

2009 წ.

* * * (მშობლები ყიდულობენ ნაძვებს)

მშობლები ყიდულობენ ნაძვებს
და მიარბენინებენ სახლებში ნაძვებს და ბავშვებს,
უფრო კი ნაძვებს
და ადევნებული, შეჭმუხნილი ბავშვები
ისწორებენ შუბლებზე ქუდებს
და ბავშვურ ფიქრებს.

მშობლები აწყობენ ნაძვებს,
უშლიან ტოტებს,
ურჩევენ ადგილს
და ალაგებენ ყუთებიდან
მშობლების დანატოვარ სათამაშოებს,
ანდა, ახალს და მაინც მშობლების მიერ დამზადებულს.
მერე თამაშობენ ბავშვებთან არჩევან-არადანს,
სადაც ბავშვებს მუდამ არადანი ხვდებათ,
რასაც ჰკიდებენ
მშობლების მიერ შერჩეულ ალაგას,
ჰკიდებენ მანამ, ვიდრე სწვდებიან...

და ღამით,
ჯადოსნურ ღამით,
მშობლები იცავენ მშობლების მიერ გამოგონილ წესებს
და ხვდებათ ბავშვებს ბალიშის,
ან წინა დღით ნაყიდი ნაძვის ქვეშ
მშობლების მოტანილი სიხარულები
(იშვიათად – წერილის პასუხი)
შეჭმუხნილ შუბლთა გადასახსნელად.

და გარბიან ბავშვები საგუნდაოდ...
და ხდებიან ბავშვები მშობლები...

30. 12. 2007 წ.

ეპიზოდი მეორე

გზა ფართოა.
გზაზე თოვლია და აუცილებელი კადრები:
შეჭმუხნილი ხეები,
ჭუჭყიანი მანქანები და
გატანილი ძაღლი – წყვეტილ ხაზებზე.
მუშები განათების ბოძებს ღებავენ.
ბოძები ჟანგიანია.
ღამით ჟანგი არ ჩანს,
ბორდიურს ჩრდილები ფარავენ,
კადრები იყინება.

ოდესმე მომიყვები აუცილებელ კადრებზე,
გზაზე რომ შეგხვდა.
თვითონაც ვნახავ.

3 თებერვალი, 2008.