მუცო

აბგა გაქვს,
ხურჯინი.
ყრი საგზალს:
ჯერ კიდევ თბილ გულს,
ხელებს,
ფილტვებს,
თვალებს,
ფეხებს,
ძარღვებს…
წამოიკიდებ მხარზე და
ჰაიდა,
აუყვები სტვენით მუცოს ბილიკს…
ფარა გყავს იალაღებზე გადასადენი
დაღამებამდე.
ლეგა გვერდით მოგდევს.
მურა სასთუმალთან მოგიწვება.
ფარა ჩაიმუხლავს.
წამოწვები…
აანთებ კოცონ-ჩირაღდანს,
დროა, ივახშმო.
ხურჯინს მოავლებ ხელს…
ააშიშხინებ წალამზე…
მილულავ თვალებს,
რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ…
ხელს გაუქნევ ნიავს -
მიმართულების შესაცვლელად…

ხვალ გათენდება.
სუფთა ჰაერი იცის მუცოში.

2007 წ.