ღია

...კიდევ, მინდოდა, დამეწერა, თუ როგორ – გაღმა.
აქამდე მხოლოდ ნავი აღწევს და ისიც შენი.
გახვედრებ ზურგზე ამოტვიფრულ სიცივის დამღას;
შენ, წამოღებულ მალამოთი, ღამიდან მდენი
და მე – მდინარი უხმაუროდ ყურე(ე)ბს შუა –
გზაზე, რომელიც დამაბრუნებს ისევე ღამეს,
რომ შენი ნავი კვლავ მოადგეს მოტეხილ ყუას,
შენმა მალამომ მაჯისცემა კვლავ დამიამოს.
აი, ამისთვის მოვირკალე ზურგი და თვალებს
წყალში ვალაგებ – მოვაცილო თუ კი რამ მღვრიე
შემორჩათ გზიდან, რომ ვფარავდი მე ასე მალი –
შემოსწრებული მგზავრისათვის სახლი კარღია...

2009 წ.