მონოლოგი

ანტიკურ ხანის მანუსკრიპტად გამოცხადებულ გულწრფელ საკითხავს
თანდათან მოსდევს მონოლოგის გარდასახვა დიალოგებად.
ჩემს კოპლებიან ყავის ჭიქაში
ვწურავ ლიმონს და ვაყენებ ჩაის.
ენა დავიწვი.
ეგ არაფერი.
სხვა დამწვრობებთან აღარ მოვიტან.
ხშირად ვყოფილვარ მოდიალოგე
და თითქოს ადგილს მეცილებიან.
(და რომელ ადგილს?!)
ვიღაცა სწავლობს საზეპიროებს და
უმეორებს კედლისაკენ გადაბრუნებულ ოცნების პირმშოს.
ქუჩა, რომელიც გაზომილია ნაბიჯებად და მონდომებად –
წარმოვიდგინე;
შორს უნდა იყოს ჩემი ქუჩიდან.
ვახვევ გრაგნილებს და გასანთლულ ყუთებში ვკეტავ.
საკმარისია.

ახლა ღამეა.
კიდევ ერთ ფინჯან ჩაის მივირთმევ
და დავიძინებ.

9. 9. 2007