* * * (მამამ, ჩემმა, შენში შემომასწრო)

მამამ, ჩემმა,
შენში შემომასწრო.
ხან მიღებს კარს,
ხან – არა.
როცა ხელს მკრავს, ვეტირები,
როცა გულში მიკრავს, გავურბი.

მამა, ჩემი,
შენგან გამომცქერის.
მე, ღობის ძირში ჩამჯდარი,
ვუბღვერი და
გამოწვდილ ხელებზე კოჟრებს ვუთვლი,
შორიდან.

ღამით, როცა მამა ფანჯარას სცილდება,
ერთგული ლეკვივით
ზღურბლზე ვიკუნტები,
კარის ღრიჭოდან გამოსულ სუნთქვას
(შეციებულ ფეხებს რომ მითბობს)
ვდარაჯობ.

ყოველ დილით,
მამას, ჩემსას,
ნაყვლეფ მუხლებზე თავს ვადებ და
როგორც კი თმაზე ხელს შემახებს,
ღობისკენ გავურბი,
რომ არ გამექცეს,
შენგან...

25. 2. 2008 წ.