წვიმის სეზონი

ერთხელაც სპექტაკლს ჩამოხსნიან აფიშებიდან
და შენი ფოტო შემორჩება ფოიეს კედელს,
როგორც ყველაზე დაბნეული მთავარი გმირის,
რომელმაც შეძლო, მიიზიდა მაყურებელი
უკაცრიელი ქალაქიდან, წვიმის სეზონზე.

ჩუმად იდგები კულისებში უკვე ბოლოჯერ,
მიაყურადებ ხმაურს, თითქოს შენამდე მოსულს,
უკანა კარით გამოსული გზას გაუდგები,
არავის ღიმილს და არც სევდას არ გაიყოლებ
და არც საკუთარ სევდას იგრძნობ სავარაუდოდ.

ქუჩის ბოლოში დაგხვდებიან შენი დღეები,
თავჩაქინდრულნი მეტისმეტი უიმედობით,
ოდესღაც სიტყვაუხვობისთვის იქნებ სასჯელის
შიში იქნება მათ თვალებში მდგარი ბალღამი
და მაგ ხელების ათრთოლებაც ჩუმად, ზურგსუკან.

მანამდე ისევ სათამაშო დაგრჩა სპექტაკლი,
წვიმის სეზონზე რა გამოლევს თავთეთრა სოკოს,
მტვერი, ტერფებქვეშ რომ ღრჭიალებს, ასე ნაცნობი,
ზუსტად გახსენებს შენს მოსაყოლს და მერამდენედ,
ფოიეში კი ცარიელი არის კედელი.

2008 წ.