მინიმალისტური პოეზია

ობობა

შემოუქსოვა წამწამებიდან წამწამებამდე თხელი პირბადე,
მილულულ თვალით დაანახვა სიკვდილის ცეკვა...

იმედი

ტოტზე ჰკიდია - უკვე ბოლო, შემოჭმუჭნული..
ნიავი-მკვლელი ნერვიულად ხელებს იფშვნეტავს..

მთვარე

მთელ თვეს მადევნა ცალი თვალი
და მიიცვალა ხელჩაქნეული..

* * *
ვქრები.
ენთები.
ვენთები.
მაქრობ.

* * *
ნათელი სახე მაქვს.
ამომრთველს ეძებ...

* * *
მე წყალს ვეძებ,
შენ - ხავსს...

* * *
კითხვის ნიშნების მოხაზვა მომწონს ფურცელზე,
როგორც ერთ დროს,
ვიოლინოს გასაღების მოხაზვა მომწონდა...

სტუმარ-მასპინძელი

კარი გააღე, ნაბიჯი გაქვს ხმაურიანი -
ლექსად ვიქეცი...

* * *
სიზმრად მელიან,
მე ვიგვიანებ,
ვერ მოვრჩი ფიქრებს...

* * *
წვიმდა თბილისში...
თვალზე დამაჩნდი ერთადერთ წვეთად.

ღალატი

ჩაი დუღდება მის სამოვარში...
ხელოვნებაზე სასაუბროდ ხარ მიწვეული.

* * *
სამი გიპოვე ერთში,
მხარი მოგიძებნე და მოგეყრდენი.
არ გამომეცალო..

* * *
მე ფანქარი მაქვს,
შენ - სახე.
ფურცელს ვეძებ,
იქნებ, დაგხატო...

* * *
მაწვიმს სახეზე,
მაფესვიანებს შენს მალებში...

* * *
ტიტრებს ვკითხულობ,
ვეძებ საკუთარ თავს...
გამომრჩა?
თუ ჯერ არ...
იქნებ, ეპიზოდი მონტაჟს ემსხვერპლა?

ჩემს თვალებს მკვეთრი იისფერი აქვთ –
სულ ავირიე.

რა იყო ბოლოში ნეტავ...
to be continued?

* * *
ვეღარ ვწერ ლექსებს –
უკვე ამოგთქვი.
ახლა გკითხულობ
და გამორჩენილ სტრიქონებს ვავსებ.

* * *
ტალღად იქეცი,
მე - მოტივტივედ თბილ ზედაპირზე,
როგორც ამბორი ჩამავალი მზის.

* * *
ყველაზე უფრო ნათელ დღეში,
ფართო გზაზე,
კართან მისული
მე დავიკარგე.

* * *
ნაპირს დაჰყვები
და ჩამავალ მზეს ჭრელ კენჭს უმიზნებ -
ეზიარები კოცნაში ტალღას.

* * *
ჩემი ყველა დღე -
მძლავრად მოსმული მკლავურის მსგავსად,
აღმა დინებას აყოლილი...
მე, ხელუკუღმა გადასროლილი
ბედის ამარა -
ვცდილობ.
ჩემი ყველა დღე,
დაბადებიდან...

პორტრეტი

ვხატავ:
მიწას ვაზავებ ოკეანეში
და შხეფებს ზეცის ტილოზე შევსხამ -
ცეცხლის ალებად...

ლოცვა

ვუხმობ.
ჩემი თითები ისე მარტივად
პოულობენ გზას -
ზემოდან ქვემოთ,
მარჯვნიდან მარცხნივ...

* * *
ზელ, აკრავ, ელი...

* * *
საკუთარ ხელით შემოვიკეცე წუხელ საბანი
და გავუყუჩდი ნაცნობ ტკივილებს...

* * *
ჭვინტწაკრული კენჭივით:
კედლისკენ,
ასფალტზე,
ბალახში,
წყალში...
წკუპ.

* * *
ჩაჭედილი კლავიში ხომ აფერხებს ჰარმონიას.
სიტყვაც,
ხანდახან.

2007 წ.