* * *(გასწიე სკამი ისე, რომ...)

გასწიე სკამი ისე, რომ
გაიხრიალოს ამ უფერო იატაკზე;
ისე, რომ
ავიფარო ყურზე ხელი;
ისე, რომ
გავიდე.
გასწიე სკამი,
რომ არ ჩამოვჯდე.
რა დროს ჯდომაა, როცა
რუხია ცა
და დღეს იწვიმებს.
ჩემი გახვრეტილი ქოლგა
არ მისცემს ცას ნებას –
შემეხოს თმაზე,
მაგრამ ცა მაინც შეძლებს,
შემამჩნიოს წარბთან
ვერტიკალური ხაზი,
დამინამოს ნიკაპი და
კიდევ უფრო უტყვი და მოღუშული
მიმაცილებს სახლამდე.
ჰოდა,
ასე სჯობს –
გასწიო სკამი,
კიდევ ერთხელ,
საპირისპიროდ –
წინიდან უკან,
ანდა გადადგა,
მოაცილო,
რომ არ დამცალდეს ფიქრი
ფეხის ფეხზე გადადებისას,
თვალგაშტერებულს..
დღეს ცა რუხია,
დღეს ცას ჩუმად სურს ადევნება
დაბნელებამდე
და მეც ნებას ვრთავ.

2008 წ.