არია

/ბრაილით/

დაწერეთ სიმღერები,
წაიმღერეთ და დაწერეთ.
ზეცას ახედეთ,
მოზიდეთ მშვილდები და ისრის შხუილი დაწერეთ.
ყეფა დაწერეთ, მიტოვებული ეზოს სიღრმიდან ამოსული;
და გრგვინვა,
სარკმელს რომ აცილებს ოთახში მარტოდ დარჩენილ ბავშვს.

დაწერეთ სიმღერები,
ამოირჩიეთ ხმები და შთაიბერეთ მუცლებში ქარი,
გადასაღეჭად.
დახატეთ ბრტყელი გასაღები, –
ნახევარმთვარის თავთით ჩამოსვით,
საჩვენებელი გააყოლეთ სუფთა ფურცელს და
ზედ მიბმული გუთნებიდან ბელტი გაყარეთ.

ყამირი გატყდა,
თესლი ჩავარდა,
წყალი დაეცა,
სითბოც დაეცა,
თოხიც დაეცა,
კაციც – ეკალზე.

დაწერეთ, ვიდრე მომღერალი ცილას იგლესავს იოგებზე,
სახეს იხატავს საკარნავალო გმირის დარად და
თავზე მძიმეწიგნდაბჯენილი ხაზზე სიარულს მოთმენით სწავლობს.

დაწერეთ, მერე წაუკითხეთ მდუმარედ დამსხდარ ორკესტრანტებს,
წაავარჯიშეთ მშვილდებისა და ფერდშევარდნილი გოშიების ამოცნობაში
(როგორც ბრაილით),
და როცა იგი
თავისი ჩრდილით გადაკვეთს დარბაზს შუაზე,
და როცა იგი
ყელს ამოივსებს მისთვის უცხო საჟღარუნოთი,
და როცა იგი
გამოგიწვდით ხელს წელში ერთად მოსახრელად,
მე წინ ვიჯდები,
და ფეხზე დინჯად წამომდგარი,
რეჟისორის წილ ტაშს მივიღებ
ფარსის ბრწყინვალედ წარმოჩენისთვის.

2008 წ.